საშიშია თუ არა თავის ტკივილი?
უმეტეს შემთხვევაში თავის ტკივილი თავისთავად საშიში არ არის. შემთხვევათა უმეტესობა შაკიკზე და დაძაბული ტიპის თავის ტკივილზე მოდის, დანარჩენი კი - თავის ტკივილის სხვა ტიპებზე. ძალიან იშვიათ შემთხვევაში თავის ტკივილი შეიძლება წარმოადგენდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის სიმპტომს. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თუ თავის ტკივილს თან ახლავს შემაწუხებელი სიმპტომები, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
რატომ ვითარდება დაძაბული ტიპის თავის ტკივილი?
დაძაბული ტიპის თავის ტკივილის განვითარების ძირითადი მიზეზებია: სტრესი, დიდ ხანს ყოფნა არაკომფორტულ მდგომარეობაში, ფსიქოლოგიური ან გონებრივი გადაძაბვა, პრობლემები პირად ცხოვრებაში თუ სამსახურში და/ან ანალგეზიური საშუალებების ჭარბი მიღება.
რითი განსხვავდება დაძაბული ტიპის თავის ტკივილი შაკიკისგან?
დაძაბული ტიპის თავის ტკივილს და შაკიკს აქვს რიგი განმასხვავებელი ნიშნებისა. თუ თქვენ რეგულარულად გაწუხებთ თავის ტკივილი, გამომწვევი მიზეზის დასადგენად და შესაფერისი მკურნალობის შესარჩევად აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
როგორია ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილი?
ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილისთვის დამახასიათებელია ორმხრივი, შემბოჭველი, ზეწოლითი ხასიათის ტკივილი, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს შუქის და ხმაურის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა. იგი შეიძლება გამოვლიდეს თვეში 15-ჯერ ან მეტჯერ, გაგრძელდეს 6 თვეზე დიდი ხნის განმავლობაში და ასევე შესაძლოა აღინიშნოს ყოველდღიურად.
რა სპეციალობის ექიმს უნდა მივმართოთ თავის ტკივილის შემთხვევაში?
ჩვეულებრივ, თავის ტკივილის დიაგნოზის დასმასა და მკურნალობას ახორციელებს ექიმი-ნევროლოგი. სახიფათო სიმპტომების გამოვლენის ან ტკივილის გახშირების შემთხვევაში აუცილებელია მას მიმართოთ.
შესაძლებელია თუ არა არტერიული ჰიპერტენზიის გამო გვტკიოდეს თავი?
არტერიული ჰიპერტენზიის დროს თავის ტკივილი შესაძლოა პროვოცირებული იყოს სტრესით ან ფიზიკური გადაძაბვით. მხოლოდ ძალიან მომატებულმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. ჰიპერტენზიის ფონზე განვითარებული თავის ტკივილის პროფილაქტიკა მდგომარეობს იმაში, რომ თვით ჰიპერტენზია იყოს კარგად ნამკურნალები და წნევის მკვეთრი მატება - თავიდან აცილებული. ჰიპერტონული კრიზის შემთხვევაში კი საჭიროა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
რომელი ტიპის თავის ტკივილი გვხვდება ყველაზე ხშირად?
ხშირი, ზოგჯერ ყოველდღიური თავის ტკივილი დამახასიათებელია დაძაბული ტიპის თავის ტკივილისთვის. ყოველდღიურ თავის ტკივილს, რომელსაც თან ახლავს კისრის და კეფის არეში ტკივილის შეგრძნება შეიძლება აღმოცენდეს ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოართრიტის დროს.
აღინიშნება თუ არა გულისრევა და ღებინება თავის ტკივილის ან შაკიკის შეტევის დროს?
გულისრევა და ღებინება შესაძლოა შაკიკის სიმპტომი იყოს. თუმცა, პირველად განვითარებული ინტენსიური თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება, შესაძლოა სხვადასხვა დაავადების ნიშანი იყოს, რომელიც ექიმის გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს.
რას ნიშნავს თავბრუსხვევა, ავადმყოფობის განცდა და საერთო სისუსტე თავის ტკივილის შეტევის დროს?
ისეთი სიმპტომები, როგორიცაა საერთო სისუსტე, ხმაურის და მკვეთრი შუქის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, გულისრევა და ღებინება, რომლებიც ვითარდება თავის ტკივილის ფონზე, დამახასიათებელია შაკიკისთვის.