ჩონჩხის კუნთები სხეულის წონის დაახლოებით 50% შეადგენს . ტკივილი და ფუნქციის დარღვევა შესაძლოა ნებისმიერ კუნთში განვითარდეს.
თუ არ მოხდა არსებული პრობლემის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი შეიძლება ქრონიკული გახდეს, შესაბამისი ფსიქო-სოციალური და ფუნქციური პრობლემებით. ეს მდგომარეობა აღრმავებს დისტრესს, იწვევს შფოთვას და დეპრესიას. მანკიერმა წრემ კი შესაძლოა გამოიწვიოს შემდგომი სომატური ცვლილებები.
ოსტეოართრიტი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაზიანებაა განვითარებულ ქვეყნებში. 60 წლის და უფრო მეტი ასაკის მქონე პირებში სიმპტომური მუხლის ოსტეოართრიტი გვხვდება მამაკაცების 10% და ქალების - 13%-ში. სიმპტომური ოსტეოართრიტის მქონე პაციენტების რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება მოსახლეობის დაბერების და სიმსუქნის ეპიდემიის გამო.
ოსტეოართრიტის გამომწვევი მიზეზი მრავალი ფაქტორია და ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც სისტემური და ადგილობრივი ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგი. ხანდაზმული ასაკი, მდედრობითი სქესი, ჭარბი წონა და სიმსუქნე, მუხლის სახსრის დაზიანება, ძვლების გამყიფება, კუნთოვანი და მყესოვანი სისუსტე ყველა ის მიზეზია, რომელიც თავის როლს ასრულებს ოსტეოართრიტის განვითარებაში, განსაკუთრებით კი იმ სახრებში, რომელზეც წონის ტვირთი დიდია. ამ ფაქტორების შეცვლით შესაძლებელია ოსტეოართრიტის განვითარების რისკის შემცირება, რაც შემდგომში საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ტკივილი და ინვალიდობა.
მართალია, ტკივილი ოსტეოართრიტის დროს ქრონიკულად ითვლება, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მუდმივი იყოს. ექიმები ხშირად ამჩნევენ, რომ დაავადებების მიმდინარეობისას ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში ტკივილს განმეორებითი ეპიზოდების ან გამწვავებების სახე აქვს.
ოსტეოართრიტით გამოწვეულ ტკივილს ხშირად დაზიანებული სახსრის დატვირთვა აძლიერებს, ხოლო დასვენება, პირიქით, ტკივილის შემსუბუქებასა და შვების მოგვრას იწვევს.