შაკიკი მოზრდილთა პოპულაციის 15% -შია გავრცელებული, უფრო ხშირად - ქალებში, მამაკაცებთან შედარებით 3:1-თან თანაფარდობით. მართალია, შაკიკი ბავშვებში (სადაც, ხშირად დიაგნოზი არ ისმება) და ხანდაზმულებშიც გვხვდება, მაგრამ ყველაზე ხშირია პროდუქტიულ ასაკში (გვიანი თინეიჯერობიდან 50 წლამდე) და სკოლისა თუ სამუშაოს გაცდენის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. გარდა ამისა, უზარმაზარია შაკიკის გამო გაწეული წლიური დანახარჯები.
შაკიკი ხასიათდება სპონტანური, პულსირებადი თავის ტკივილის შეტევებით, რომელიც, ძირითადად, თავის ერთ მხარეს ვრცელდება, ძლიერდება მოძრაობის დროს და თან ახლავს სხვა, დამატებითი სიმპტომებიც, როგორიცაა გულისრევა და ჰიპერმგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ. შაკიკი აურით გვხვდება პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედში.
შაკიკის შეტევის პროვოცირება შეუძლია სტრესს, ძალიან ხანგრძლივ ან ხანმოკლე ძილს, მძაფრ სუნს, კვების გამოტოვებას, მენსტრუალურ ციკლს, ალკოჰოლს, საკვებს და სხვა გამღიზიანებლებს (როგორიცაა ამინდი, კოფეინი, მკვეთრი სინათლე, ხმაური და ა.შ.).
ტკივილის მოსახსნელად, ყველა შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სწრაფი მოქმედების მედიკამენტს.